უიღბლო ავანტურისტის ისტორია

დონალდ კროუხერსტს მთელი ცხოვრება არ უმართლებდა. არც იდეები აკლდა, არც მათი განხორციელებისთვის აუცილებელი ენერგია და გამბედაობა. ადამიანების დარწმუნების ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი წამოწყებები კრახით მთავრდებოდა.

დონალდ კროუხერსტი (Donald Crowhurst) 1932 წელს ინდოეთში, ბრიტანელი რკინიგზელი ინჟინერის ოჯახში დაიბადა. 16 წლის რომ იყო მამა გარდაეცვალა, დიდ ბრიტანეთში დაბრუნებული ოჯახის სარჩენად დონალდმა სკოლა მიატოვა და ჯერ ელექტროქარხანაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი სამეფო საჰაერო ძალებში.

მან პილოტის წოდებაც კი მიიღო, თუმცა საჰაერო ძალები დაატოვებინეს. ზოგიერთი ცნობით, უფროსი ოფიცრის ქალიშვილთან კავშირის გამო. კროუხერსტი დიდი ბრიტანეთის არმიაში ჩაეწერა, მაგრამ საეჭვო ვითარებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ იქედანაც დაითხოვეს. მოგვიანებით დონალდმა საკუთარი ქარხანა გახსნა, რომელიც ელექტრომოწყობილობებს აწარმოებდა. რამდენიმე მათგანი, მათ შორის მცირე ზომის რადიოპელენგატორი Navicator, მან თავად შექმნა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე დონალდმა ავტოავარიაში თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. ამ შემთხვევის შემდეგ, ახლობლების თქმით, მხიარულ დონალდს ხასიათი შეეცვალა და ის ჩაკეტილი და აგრესიული გახდა. პრობლემები ბიზნესშიც გაჩნდა და კროუხერსტს, რომელსაც ამ დროისთვის მეუღლე და ოთხი შვილი ყავდა, გაკოტრების საფრთხე დაემუქრა.

1967 წლის მაისში, პლიმუტში შეკრებილი ათასობით ადამიანი დედამიწის გარშემო მოგზაურობიდან დაბრუნებულ მათ კერპს – ფრენსის ჩიჩესტერს (Francis Chichester) ხვდებოდა. ჩიჩესტერმა თავისი იახტით ”Gipsy Moth IV” ჩაის კლიპერების მარშრუტით დედამიწას მარტომ შემოუარა და მხოლოდ ერთხელ გაჩერდა სიდნეიში. ამ მოგზაურობამ მას პოპულარობა, ფული და რაინდის წოდება მოუტანა.

კროუხერსტი ინტერესით ადევნება თვალს ჩიჩესტერის მიღწევებს, რომელმაც მანამდე ერთკაციანი ეკიპაჟების ტრანსატლანტიკურ რეგატაში გამარჯვებით გაითქვა სახელი. თუმცა 1967 წლის მაისში დონალდ კროუხერსტი პლიმუტში სხვებთან ერთად ჩიჩესტერს არ დახვედრია. გაკოტრების ზღვარზე მყოფ კროუხერსტს აღიზიანებდა, რომ ამ მოგზაურობამ ჩიჩესტერს სპონსორების ფინანსებითა და რეკლამის საშუალებით უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა.

1968 წელს ჩიჩესტერის მიღწევით შთაგონებულმა გაზეთმა ”The Sunday Times” ჯილდოდ – 5 ათასი გირვანქა სტერლინგი დააწესა იმ იახტსმენისთვის, რომელიც ყველაზე მოკლე დროში დედამიწას გაუჩერებლად შემოუვლიდა. ამ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დონალდ კროუხერსტმა კი მასში საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზა იპოვა.

მან დაარწმუნა ბიზნესმენი სტენლი ბესტი, რომ რეგატის მოგება შეეძლო და მისგან 8 ათასი გირვანქა ისესხა. წარუმატებლობის შემთხვევაში კროუხერსტი ყველაფერს კარგავდა, მათ შორის საკუთარ სახლს. მოსამზადებლად მას მხოლოდ რამდენიმე თვე ქონდა, თუმცა, როგორც ამბობენ, დონალდი საკუთარ გამარჯვებაში იყო დარწმუნებული და პრეს-აგენტიც კი დაიქირავა.

1968 წლის პირველი ივნისიდან 31 ოქტომბრამდე რეგატის – ”Sunday Times Golden Globe Race” სტარტი გამოცხადდა და ზღვაში ცხრა იახტა გავიდა. მონაწილეთა შორის ექვსი ბრიტანელი, ორი ფრანგი და ერთი იტალიელი იყო.

ფალმუტში ფინიშამდე მხოლოდ ერთი მათგანი მივიდა. ინგლისელმა რობინ ნოქს-ჯონსონმა (Robin Knox-Johnston) რეგატა 1969 წლის 22 აპრილს დაასრულა.

გამარჯვება ფრანგ ბერნარ მუატისიესაც (Bernard Moitessier) შეეძლო, თუმცა იმის ნაცვლად, რომ დედამიწის გარშემო შემოვლის შემდეგ ინგლისში დაბრუნებულიყო, როგორც ამას რეგატის პირობები ითხოვდა, ფრანგმა ოჯახის წევრების და რბოლის ორგანიზატორების თხოვნის მიუხედავად, გზა განაგრძო, მეორედ შემოუარა კეთილი იმედის კონცხს, კიდევ ერთხელ გადაკვეთა ინდოეთის ოკეანე, წყნარი ოკეანის ნაწილი და ბოლოს ტაიტიზე გაჩერდა.

დონალდ კროუხერსტი და მისი მეუღლე კლერი

კროუხერსტი ზღვაში რეგატის პირობებით დაშვებულ ბოლო დღეს – 31 ოქტომბერს გავიდა. 30 ოქტომბერს ის თავის ცოლს კლერს გამოუტყდა, რომ არც თვითონ და არც მისი ტრიმარანი ”Teignmouth Electron”, რომელიც ნაჩქარევად – რამდენიმე თვეში აშენდა, არ იყო მზად ამ მოგზაურობისთვის.

”Teignmouth Electron” სტარტის მომენტისთვის დაუმთავრებელი იყო. ცალკეული სამუშაოს დასრულება კროუხერსტს უკვე ზღვაში მოუხდა. გარდა ამისა, საცდელი გასვლის დროს ბორანთან შეჯახებისას დაზიანდა ტრიმარანის ერთ-ერთი კორპუსი, რაც შემდგომში სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდა.

რეგატის დაწყებიდან დაახლოებით ორ კვირაში მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგენერატორი და იახტა განათებისა და კავშირგაბმულობის გარეშე დარჩა. კროუხერსტს მუდმივად უწევდა ახალი დაბრკოლებების გადალახვა, რის გამოც ის საგრძნობლად ჩამორჩა რეგატის სხვა მონაწილეებს.

როდესაც კროუხერსტმა გენერატორის შეკეთება და კავშირზე გასვლა მოახერხა, მას შეატყობინეს, რომ ერთ-ერთი კონკურენტი უკვე ახალ ზელანდიას უახლოვდებოდა, ხოლო კიდევ ერთი – კეთილი იმედის კონცხთან იყო. თავად კროუხერსტი ამ დროს ატლანტიკის ოკეანეში, კუნძულ მადეირასთან იმყოფებოდა.

ბორტჟურნალში გაკეთებული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ კროუხერსტი სპონსორისთვის იმის თქმას აპირებდა, რომ რეგატას ეთიშებოდა. თუმცა კავშირზე გასვლისას მან გადაწყვეტილება შეცვალა და ბესტს შეატყობინა, რომ რბოლას აგრძელებს და ყველაფერი რიგზეა.

ამის შემდეგ მან თავისი ადგილსამყოფელის შესახებ ბორტჟურნალში ყალბი მონაცემების შეტანა დაიწყო.

10 დეკემბერს კროუხერსტმა გადასცა რადიოგრამა სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარების შესახებ – 243 მილი ერთ დღეში.

ის ორ ჟურნალს აწარმოებდა – ერთში რეალურ მოვლენებს აღწერდა, მეორეში კი თავის გამოგონილ მიღწევებს.

სანამ რეგატის სხვა მონაწილეები დედამიწას გარს უვლიდნენ, დონალდ კროუხერსტი სამხრეთ ატლანტიკაში ემალებოდა გემებს.

მან გადაწყვიტა დაეცადა, სანამ მეტოქეები დედამიწას შემოუვლიდნენ და ატლანტიკაში დაბრუნდებოდნენ და შემდეგ კვლავ დაბრუნებულიყო რეგატის ტრასაზე.

იანვარში, როდესაც კროუხერსტი ოფიციალური ვერსიით სადღაც ინდოეთის ოკეანეში უნდა ყოფილიყო, მან გეზი არგენტინისკენ აიღო, რათა ინგლისში დაზიანებული კორპუსი შეეკეთებინა.

6 მარტს ის პატარა სოფლის რიო-სალადოს ნაპირს მიადგა. სანაპირო დაცვის თანამშრომელმა ინგლისელის ჩამოსვლის შესახებ თავის ჟურნალში ჩანაწერი გააკეთა, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალა თავისი ხელმძღვანელობისთვის რაიმეს შეტყობინება.

მთელი ამ დროის მანძილზე კროუხერსტი არ გადიოდა კავშირზე. მან წინასწარ გააფრთხილა თავისი პრეს-ატაშე, რომ გენერატორის დაზიანების გამო, მასთან კავშირი შესაძლოა შეუძლებელი გამხდარიყო.

აპრილში კროუხერსტმა რეგატის ტრასაზე დაბრუნება გააწყვიტა. Teignmouth Electron-მა გეზი ინგლისისკენ აიღო.

ნოქს–ჯონსონის ფინიში ფალმუტში

ამ დროისთვის რობინ ნოქს-ჯონსონმა უკვე მიაღწია ფინიშს, მონაწილეების უმეტესობამ კი რეგატა შეწყვიტა.

რბოლას მხოლოდ კროუხერსტი და კიდევ ერთი ინგლისელი – ნაიჯელ ტეტლი შემორჩნენ. ორივემ რბოლა ნოქს-ჯონსონზე ბევრად გვიან დაიწყო და სისწრაფის რეკორდი ერთ-ერთ მათგანს უნდა დაემყარებინა.

კროუხერსტმა ჩათვალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტეტლი მას დაასწრებდა, მის საეჭვო ”ოფიციალურ” ჟურნალს არავინ გადაამოწმებდა და არც არგენტინაში შესვლის ამბავი გამოაშკარავდებოდა. ხოლო ბიზნესის გადასარჩენად, მისი აზრით, უკვე საკმარისი იყო გაკეთებული.

თუმცა გაუთვალისწინებელი რამ  მოხდა. აზორის კონძულების ტრავერსზე ტეტლის ტრიმარანი ”Victress” ძლიერ შტორმში მოხვდა და ჩაიძირა. თავად ტეტლი, რომელმაც იახტა გასაბერი ნავის დახმარებით დატოვა, სავაჭრო ხომალდმა გადაარჩინა.

კროუხერსტმა რადიოგრამით ნოქს-ჯონსონს რბოლის დასრულება, ხოლო ტეტლის – გადარჩენა მიულოცა.

ზღვაში გადაღებული ავტოპორტრეტი

რბოლის წაგება მას არ შეეძლო – დედამიწის გარშემო შემოვლაზე დახარჯული დროის მიხედვით ნოქს-ჯონსონს ის ორი თვით უსწრებდა. მოგების შემთხვევაში, ის დარწმუნებული იყო რომ ტყუილი გამოაშკარავდებოდა.

ამ დროს კროუხერსტის რაცია მართლა გამოვიდა მწყობრიდან და მას მხოლოდ რადიოგრამების მიღება შეეძლო.

ბოლო დღეებში კროუხერსტმა თავის ჟურნალში უამრავი არეული ჩანაწერი გააკეთა კოსმოსზე, რწმენაზე, ადამიანის გონებაზე, მათემატიკაზე – სულ 25 ათას სიტყვამდე.

22 ივნისს მისი იახტა სარგასის ზღვაში, შტილის ზონაში შევიდა. ჟურნალში ბოლო ჩანაწერი 1969 წლის 1 ივლისს, 11 საათსა და 20 წუთზეა გაკეთებული.

კროუხერსტის ტრიმარანი 10 ივლისს აღმოაჩინეს, ბორტზე არავინ იყო. მოგვიანებით, ჩანაწერების გაანალიზების შემდეგ ჩათვალეს, რომ დონალდ კროუხერსტი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის დროს ზღვაში გადახტა.

უიღბლო ავანტურისტი რეგატის მოგებას 243 დღეში აპირებდა. მან ყალბი მონაცემები გადასცა დღიური გადასვლის საუკეთესო მაჩვენებელზე – 243 საზღვაო მილი. ბოლო ჩანაწერი ჟურნალში სწორედ მოგზაურობის 243-ე დღეს იყო გაკეთებული.

”სანდეი თაიმსის” დაწესებული პრიზი – 5 ათასი გირვანქა რობინ ნოქს-ჯონსონმა მიიღო, როგორც ერთადერთმა ადამიანმა, ვინც რეგატა დაასრულა. თუმცა პრიზი მან კროუხერსტის ოჯახის დასახმარებლად შექმნილ ფონდს გადასცა.

2006 წელს ფილმი ”Deep Water” გამოვიდა, რომელშიც დოკუმენტური ვიდეომასალა დონალდ კროუხერსტის მონაწილეობით არის გამოყენებული.

ბონუსი მათთვის, ვინც ეს ტექსტი ბოლომდე წაიკითხა (ან დასკროლა):

Deep Water – ნაწილი 1
Deep Water – ნაწილი 2
Deep Water – ნაწილი 3
Deep Water – ნაწილი 4
Deep Water – ნაწილი 5
Deep Water – ნაწილი 6
Deep Water – ნაწილი 7
Deep Water – ნაწილი 8
Deep Water – ნაწილი 9

კროუხერსტის ტრიმარანი ახლაც კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზეა მიტოვებული

4 Responses to უიღბლო ავანტურისტის ისტორია

  1. lilasi says:

    წავიკითხე, თანაც ბოლომდე…

  2. lilasi says:

    ეგ ბონუსი კი არა სასჯელია :-(

  3. latatia says:

    ის, ვინც პოსტსაც წაიკითხავს და ფილმსაც უყურებს ჩათვლის, რომ ეს შენი დონალდი დიდი უცნაური ვინმე ყოფილა, ასე კეთილი ადამიანები ჩათვლიან, თორემ უფრო ავნი იტყვიან გიჟი იყოო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: