გერგეთი – გლამურული ტური

ორი თვის წინ უფროსმა მკითხა – სად მინრჩევნია გამიშვან მივლინებით. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ”დავუსაბუთე”, რომ ამ ეტაპზე გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ჩემი მივლინება ყაზბეგის რაიონში. უფროსმა ამოიოხრა, მაგრამ დამთანხმდა. მივლინების მთავარი პირობა იყო ის, რომ თან უნდა წამეყვანა პატარა ჯგუფი (ერთი მამაკაცი და შვიდი განსხვავებული გლამურობის გოგონა) და ადგილზე ჩამეტარებინა ამ ჯგუფისთვის ტრენინგი. პირობას დავთანხმდი და გულუბრყვილოდ ვიფიქრე, რომ სანამ სხვები იმუშავებენ, მე ცოტას ვიხეტიალებ – სტეფანწმინდიდან ფეხით ავალ გერგეთის სამებამდე და დავბრუნდები.

ადგილზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონებმა გამომიცხადეს, რომ ისე არ წავლენ ყაზბეგიდან, გერგეთის მონასტერი რომ არ მოინახულონ. თან, მიუხედავად ცუდი ამინდისა, ფეხით – ”სხვანაირად მადლი არაა” (თუ რაღაც ამდაგვარი).


სოფელ გერგეთს რომ გავცდით, თეამ უმანკო თვალები დაახამხამა და გვითხრა, რომ საავტომობილო გზა ძალიან გრძელია, მაგრამ მას შეუძლია მოკლე გზით – პირდაპირ ფერდობით აგვიყვანოს ეკლესიამდე. მეც, რატომღაც, ვენდე:)


ასვლამ განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ძლიერ წვიმას, ორ ისტერიკას და იმ ფაქტს, რომ ნახევარი გზა, ორი გოგონა მე და ლაშას ხელით ”აგვქონა”.


ჯგუფის პირად შემადგენლობაში ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მაღალქუსლიანი ჩექმა სრიალებს სველ ბალახზე, ხოლო ”სპორტული” ნაჭრის ფეხსაცმელი, ისევე როგორც ჯინსის შარვალი (რომ აღარაფერი ვთქვათ კაბაზე) სველდება წვიმისქვეშ და თოვლში ჩავარდნისას. ის, რომ ცივ, ქარიან ამინდში სველი ტანსაცმელი შეიძლება ძლიერი დისკომფორტის მიზეზი გახდეს, ერთხმად მიჩნეული იყო დიდ უსამართლობად.


ასევე ადგილი ჰქონდა უკმაყოფილებას ჩვენი ”გზამკვლევის” მიმართ, რომელმაც შუაგზაში უმანკო თვალები კიდევ ერთხელ დაახამხამა და ბედნიერი ღიმილით გვამცნო – ”წინაზე ამის იქით არ ავსულვარ და გზა აღარ ვიციო:)”


ანონიმური ცუგა პატიოსნად ამოგვყვა ბოლომდე და ზოგიერთებისგან განსხვავებით ერთხელაც არ დაუწუწუნია. როდესაც დარწმუნდა რომ სამებას ყველამ უვნებლად მიაღწია, თანაგრძნობით ჩამხედა თვალებში და უკან სოფელში გაბრუნდა.


ეკლესიაში დადგმულ ღუმელთან გოგონები შეძლებისდაგვარად გაშრნენ და გათბნენ, და უკან ბილიკს გამოვყევით, რომელიც მორჩილებმა გვირჩიეს. მე არც ამ ჯერზე დამაკლდა ფიზიკური დატვირთვა ნათიას სახით, რომელსაც ყველაზე მაღალქუსლიანი ჩექმა ეცვა – გზამდე ”ჩავიტანე”, თან ერთი-ორჯერ დავსრიალდი კიდეც თოვლში.

კიდევ ერთხელ (ალბათ ამჯერადაც სულ ტყვილა) მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ მსგავს კულტღონისძიებებს სამსახურისგან დამოუკიდებლად ჩავატარებ, მარტო ან გამოცდილ ხალხთან:)

კიდევ რამდენიმე სურათი გერგეთიდან დევს ამ ბმულზე. ყაზბეგის დანარჩენ სურათებს (სტეფანწმინდა, სნოს ხეობა და დარიალის ხეობა) იმედია ამ დღეებში ავტვირთავ. ასევე ამ კვირაში :პიონერი: გადავარჩევ თურქეთის დარჩენილ რამდენიმე ასეულ სურათს და ნაწილს ავტვირთავ. თუ ქვეყანა არ დაიქცა.

ძველი სურათების გადარჩევას ვერ ვასწრებ და ამასობაში ახლები ემატება, მალე ასისტენტი დამჭირდება:( ლამისაა მიხაროდეს, რომ წინა წლების არქივებმა ძველ ვინჩესტერთან ერთად სტიქსი გადაკვეთეს.

p.s. ამ თვეში სავარაუდოდ წალკა.

2 Responses to გერგეთი – გლამურული ტური

  1. noemberi says:

    ერთადერთი კითხვა გამიჩნდა: ტრენინგი რა თემაზე იყო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: