ერთი რიგგარეშე, სუმბურული პოსტი

შეიძლება მთელი ბავშვობა არა, მაგრამ ამ ბავშვობის ცალკეული, ძალიან დამამახსოვრებელი მომენტები ერთად გვაქვს გატარებული. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მშობლებს ბაკურიანში დასასვენებლად ერთად დავყავდით. სინამდვილეში ალბათ უფრო ადრე და სულ სხვა რამით დაიწყო, მაგრამ მაგდენი არ მახსოვს.

ვიპარებოდით მაშინდელი სპორტკომიტეტის ტურისტული ბაზიდან, ვსრიალებდით ტრამპლინებზე (ამავე ტრამპლინებიდან ამოძრობილ პლასტმასის ”პაკეტებზე”), ვლაშქრავდით კოხტა გორას. დავყავდით მშობლებს სოკოების დასაკრეფად და როდესაც არაერთგზის გამეორებული უსაფრთხოების წესბის დარღვევისთვის (ყოველ წამს დანის დაკეცვა რა უბედურებაა, რა უჭირს პროგრესულად მოაზროვნე 5 წლის ბავშმა ტყეში გაშლილი დანით რომ ირბინოს) ჯიბის დანებს გვართმევდნენ, ვებუტებოდით. და ვსჯიდით მშობლებს იმით, რომ მხოლოდ ჩვენთვის ცნობილ, მისტიურ თეთრი სოკოს პლანტაციებს არ ვაჩვენებდით.

შემდეგ სკოლაში ”მოვეწყვეთ”, ჯერ მე და მომდევნო  წელს ის (აქ მე ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ უფროსი ვარ). რა თქმა უნდა, ერთ სკოლაში. სათავგადასავლო ლიტერატურას ვკითხულობდით, პოლონელ ტომეკზე და სხვა არასწრულწლოვან მოგზაურებზე. და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის თავისებურებებზე ვმსჯელობდით, ხშირად ვკამათობდით კიდეც.

მერე, ერთ მშვენიერ დღეს, მთელი ოჯახი, გრძელბეწვიანი კოლი გრაფის ჩათვლით, აიბარგა და საქართველოდან წავიდა. არ მახსოვს ზუსტად როდის, ალბათ ასე 20 წლის წინ.

შარშან, მიუხედავად სოციალური ქსელებისადმი ჩემი გაურკვეველი დამოკიდებულებისა, ერთ-ერთ ასეთ ქსელში გავწევრიანდი – მხოლოდ ინიციალები მივუთითე და სურათი ავთვირთე, რომელზეც სახის ნახევარს კამერა მიფარავს და ის რაც ჩანს, ბავშვობის მერე ძალიან შეცვლილი და წვერებიანია. კონსპირაციამ არ მიშველა და მიცნო.

დღეს, დედამიწის ხმელეთის მეშვიდედ ნაწილზე წარმატებული დიზაინერია. მე მტკვრის მარჯვენა (თუ მარცხენა? სულ მეშლება ხოლმე – ზუბალაშვილები რომელს ეკუთვნის?) სანაპიროზე წარმატებული რედაქტორი (სპორტსმენი, კომკავშირელი, ინდიელი – საჭირო შემოხაზეთ).

რამდენიმე საათის წინ მოსკოვში გოგონა გაჩნდა 3250/51.

Тамазка… Тамаз Нодарович, поздравляю, растите большие:)

ველოპოსტი

სამი წელი ჩემი ველოსიპედი მეგობრის ავტოფარეხში ბინადრობდა და თვალით არ მინახავს. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ლოგიკური იქნებოდა ვინმესთვის ფულში გამეცვალა. ბარტერის მსურველიც გამოჩნდა და გაცვლა საზეიმო ვითარებაში შედგა.

ველოსიპედის გაყიდვის შემდეგ ჩემი პირველი ქმედება, რა თქმა უნდა, ახალი ველოსიპედის შეძენა იყო:)

გუშინ მეგობრებთან ველოსიპედები კოჯორში გავასეირნეთ. ველოსიპედებს მოეწონათ, მაგრამ ეცოტავათ. მიდი და ელაპარაკე ახლა რეპორტინგზე და დედლაინებზე…

Linie Aquavit – ერთი სასმელის ისტორია

Linie Aquavit ერთი სასმელის ისტორია
ნოემბრით შთაგონებული პოსტი:)
1805 წელს ნორვეგიელმა ვაჭარმა ჰაინრიხ მეინკემ და მისმა დამ კატარინა ლისჰოლმმა ინდონეზიაში მიმავალ ხომალდზე იქ გასაყიდად განკუთვნილი ტვირთი ჩატვირთეს – ლორი, დამარილებული თევზი, ყველი და ხუთი კასრი ნორვეგიული აკვავიტი – სკანდინავური ალკოჰოლური სასმელი.
ინდონეზიაში კაპიტანმა აკვავიტის გასაღება ვერ შეძლო და 1807 წლის დეკემბერში ისევ ნორვეგიაში ჩამოიტანა. დამწუხრებულმა ნორვეგიელებმა კასრები გახსნეს, რათა კომერციული წარუმატებლობით გამოწვეული სევდა, ეროვნული კარტოფილის არყით გაექარწყლებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის დრო, ნესტიანობის და ტემპერატურის ცვალებადობა, ზღვის ჰავა, ხომალდის რხევა და სხვა გარემოებები სასმელის გემოზე და არომატზე აისახა და ის ბევრად დახვეწილი გახდა.
1821 წელს იორგენ ლისჰოლმმა თავისი საწარმო დააფუძნა. აკვავიტის კასრებს ის სამხრეთ ამერიკაში მიმავალ ხომალდებს აყოლებდა და მათი დაბრუნების შემდეგ, ზღვაში დაძველებულ სასმელს ყიდდა.
ტრადიცია დღემდე ცოცხალია და Linie Aquavit-ს ოთხთვენახევრის მანძილზე ზღვაში, თანამედროვე გემების გემბანზე ძველ შერის კასრებში აძველებენ. ამ მოგზაურობის დროს, ხომალდი 35 ქვეყანაში შედის და ორჯერ კვეთს ეკვატორს.
ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ნორვეგიიდან დაბრუნდა და საჩუქრად Linie Aquavit ჩამომიტანა

ნოემბრით შთაგონებული პოსტი:)

1805 წელს ნორვეგიელმა ვაჭარმა ჰაინრიხ მეინკემ და მისმა დამ კატარინა ლისჰოლმმა ინდონეზიაში მიმავალ ხომალდზე იქ გასაყიდად განკუთვნილი ტვირთი ჩატვირთეს – ლორი, დამარილებული თევზი, ყველი და ხუთი კასრი ნორვეგიული აკვავიტი.

ინდონეზიაში კაპიტანმა აკვავიტის გასაღება ვერ შეძლო და 1807 წლის დეკემბერში ისევ ნორვეგიაში ჩამოიტანა. დამწუხრებულმა ნორვეგიელებმა კასრები გახსნეს, რათა კომერციული წარუმატებლობით გამოწვეული სევდა, ეროვნული კარტოფილის არყით გაექარწყლებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის დრო, ნესტიანობის და ტემპერატურის ცვალებადობა, ზღვის ჰავა, ხომალდის რხევა და სხვა გარემოებები სასმელის გემოზე და არომატზე აისახა და ის ბევრად დახვეწილი გახდა.

1821 წელს იორგენ ლისჰოლმმა თავისი საწარმო დააფუძნა. აკვავიტის კასრებს ის სამხრეთ ამერიკაში მიმავალ ხომალდებს აყოლებდა და მათი დაბრუნების შემდეგ, ზღვაში დაძველებულ სასმელს ყიდდა.

ტრადიცია დღემდე ცოცხალია და Linie Aquavit-ს ოთხთვენახევრის მანძილზე ზღვაში, თანამედროვე გემების გემბანზე ძველ შერის კასრებში აძველებენ. ამ მოგზაურობის დროს, ხომალდი 35 ქვეყანაში შედის და ორჯერ კვეთს ეკვატორს.

ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ნორვეგიიდან დაბრუნდა და საჩუქრად Linie Aquavit ჩამომიტანა:)

პანკისი

სანამ საქმეებს და ჯანმრთელობას სადმე გავექცევი, ცოტა არქივებს გადავქექავ.

შარშანდელი პანკისი, ჯოყოლო.

© Garfge

© Garfge

ლამფუჩკები

სტამბული, სადღაც სულთანაჰმედის მიდამოებში.

© Garf

© Garf

დარბაზის დახმარება

ვინმეს თუ აქვს თურქეთი-სირია-იორდანია მარშრუტზე ავტობუსით ან ავტოსტოპით მოგზაურობის გამოცდილება? ან იქნებ იცნობთ ვინმეს, ვისაც აქვს? კონსულტაცია მჭირდება, კონსულტაციის მსვლელობისას ლუდი/ყავა/ჩაი ჩემზეა:)

წალკა

წალკაში ორი შეხვედრა მქონდა, ერთი არისტოტელეს ქუჩაზე, მეორე – ლენინის. მუნიციპალიტეტის შენობასთან საკურა ყვავის, აქვე კარტოფილი იყიდება – офтом. ერთი სიტყვით, სამედიტაციო გარემოა.

უკრაინა

რადგან ეს ბლოგი წლევანდელი ხეტიალის “აღრიცხვით” დავიწყე, უკრაინასაც ვახსენებ:) იანვარში კიევში მივლინებას ხარკოვში მეგობართან სტუმრობა გადავაბი.

კიევში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამიტომ ქალაქის ”დათვალიერება” მხოლოდ ღამით მოვახერხე. თუ დათვალიერება შეიძლება ეწოდოს ცარიელ ქუჩებში ხეტიალს:)

არ ვიცი, მე გამიმართლა თუ საერთოდ ასეა – ქუჩებში საღამოობით ცოტა ადამიანი იყო. ფუტურისტულ ეფექტს ნისლიც აძლიერებდა.

ხარკოვში ჩემმა მეგობარმა ჩათვალა, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია შემასწავლოს ქალაქი საკუთარი ხუთი თითივით. ორ დღეში რამდენიმე კილო დავიკელი სიარულში, სამაგიეროდ ქალაქის ცენტრი (საკმაოდ დიდი) თბილისის ცენტრივით შევისწავლე, ბოლოს ტურისტებს გზას ვასწავლიდი:)

რამდენიმე სურათი უკრაინიდან.

გეგმაში კიდევ ერთ მეგობართან – ლვოვში ჩასვლა იყო, მაგრამ რატომღაც არ წავედი, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ დამატებით ხარჯებთან არ იყო დაკავშირებული. ზოგჯერ უაზროდ ”ვამუხრუჭებ” ხოლმე. სამაგიეროდ, ახლა მიზეზი მაქვს კიდევ ერთხელ წავიდე უკრაინაში:)

სტამბული – მეთევზეები

”მწვადფართიდან” დაბრუნებულმა დავიწყე გრძელი პოსტის წერა იმის შესახებ, რომ სტამბულში ჩემი მოხვედრა სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე თევზაობამ განაპირობა. მაგრამ ამასობაში გამოვფხიზლდი და გადავწყვიტე სურათებით შემოვიფარგლო:)

სანაპიროზე და ხიდებზე სეირნობისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ქალაქში ყოველი მეორე თევზაობს, სქესის მიუხედავად. 

პატარა მაღაზიაში შევიჭყიტე, სადაც სათევზაო აქსესუარებს ყიდდნენ. გამყიდველმა გამომკითხა საიდან ვარ და მოკლე ლექცია წამიკითხა გურჯისტანში თევზაობის თავისებურებებზე. მაგრამ როგორც კი ვუთხარი – აღარ ვთევზაობთქო, მაშინვე დაკარგა ჩემსადმი ინტერესი:)

ისე, სულმა კინაღამ წამძლია მეც იქვე დავმდგარიყავი ანკესით, მითუმეტეს საჭირო აქსესუარების შეძენა ადგილზევეა შესაძლებელი.

სტამბული – მეთევზეები.

სნოს ხეობა

ძალიან წვიმდა და ცოტას ვიღებდი.

აპრილის ბოლოს ხეობის ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჯერ არ იყო გახსნილი.

რამდენიმე წლის წინ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოიშალა სასათბურე მეურნეობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

მოსახლეობა ხეობას ტოვებს. სოფლებში სახლების დიდი ნაწილი ჩაკეტილია.

82 წლის ვახო პაპა ხეობაში სისხლის აღების ბოლო შემთხვევებს იხსენებს. ხეობის სხვა უხუცესებთან ერთად ის სადავო საკითხების გადაწყვეტაში იღებს მონაწილეობას. წუხდა, რომ ამდენი მანდილოსანი მაინცდამაინც მაშინ ესტუმრა, როდესაც მისი უცოლო ვაჟი სახლში არ იყო.

სურათები სნოს ხეობიდან.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.