Linie Aquavit – ერთი სასმელის ისტორია
July 24, 2009 4 Comments
ნოემბრით შთაგონებული პოსტი:)

1805 წელს ნორვეგიელმა ვაჭარმა ჰაინრიხ მეინკემ და მისმა დამ კატარინა ლისჰოლმმა ინდონეზიაში მიმავალ ხომალდზე იქ გასაყიდად განკუთვნილი ტვირთი ჩატვირთეს – ლორი, დამარილებული თევზი, ყველი და ხუთი კასრი ნორვეგიული აკვავიტი.
ინდონეზიაში კაპიტანმა აკვავიტის გასაღება ვერ შეძლო და 1807 წლის დეკემბერში ისევ ნორვეგიაში ჩამოიტანა. დამწუხრებულმა ნორვეგიელებმა კასრები გახსნეს, რათა კომერციული წარუმატებლობით გამოწვეული სევდა, ეროვნული კარტოფილის არყით გაექარწყლებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის დრო, ნესტიანობის და ტემპერატურის ცვალებადობა, ზღვის ჰავა, ხომალდის რხევა და სხვა გარემოებები სასმელის გემოზე და არომატზე აისახა და ის ბევრად დახვეწილი გახდა.
1821 წელს იორგენ ლისჰოლმმა თავისი საწარმო დააფუძნა. აკვავიტის კასრებს ის სამხრეთ ამერიკაში მიმავალ ხომალდებს აყოლებდა და მათი დაბრუნების შემდეგ, ზღვაში დაძველებულ სასმელს ყიდდა.
ტრადიცია დღემდე ცოცხალია და Linie Aquavit-ს ოთხთვენახევრის მანძილზე ზღვაში, თანამედროვე გემების გემბანზე ძველ შერის კასრებში აძველებენ. ამ მოგზაურობის დროს, ხომალდი 35 ქვეყანაში შედის და ორჯერ კვეთს ეკვატორს.
ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ნორვეგიიდან დაბრუნდა და საჩუქრად Linie Aquavit ჩამომიტანა:)

კომენტარები